
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის შემდეგ უკრაინას ტრამპის სპეცწარმომადგენელი ეწვევა
13/02/2025 08:11:27 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის შემდეგ უკრაინას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი ეწვევა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კელოგი 13-22 თებერვალს გერმანიას, ბელგიასა და უკრაინას ესტუმრება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, "კელოგის ვიზიტების ამოცანაა, ხელი შეუწყოს პრეზიდენტ ტრამპის მიზანს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად".
მისივე ცნობით, კით კელოგი მიუნხენში მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში, ბრიუსელში, ნატო–ს და ევროკავშირის შტაბ-ბინებში შეხვედრებს გამართავს ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, უკრაინაში კი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და კერძო პირებს, რომლებიც თითქმის სამი წელია, ომს მამაცურად უძლებენ.
12 თებერვალს კიევში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის შეხვედრა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა სურს. ბესენტთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვს არ უნდა მისცენ უკრაინაზე კონტროლის შესაძლებლობა, რასაც თავისუფალი სამყაროს ერთობლივი მუშაობა სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან განიხილეს უკრაინის რესურსების პოტენციალი, უსაფრთხოების ეკონომიკური გარანტიები და ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტის მომზადება. მისივე თქმით, განიხილეს ამერიკული მხარის წინადადებები, ძლიერ გარიგებაზე მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ პროგრესს მიაღწევენ უკვე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება.
12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. იმავე დღეს, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინს შესაძლოა, საუდის არაბეთში შეხვდეს. 12 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.