
მუხთარლი ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს: "ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ"
13/02/2025 08:17:48 საზოგადოება
"მოვითხოვ ჩემი ქართველი კოლეგის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჟურნალისტის სიცოცხლე, რომელიც უკვე 32 დღეა, შიმშილობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ", – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 33-ე დღეა, შიმშილობს. 7 თებერვალს მზია ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები დღეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს, მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიუხედავად დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი სამართალდამცველი და არც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოძალადე. ამის პარალელურად, აქციებზე დააკავეს 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათი უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.