
"იმედია, გატეხილი ცხვირით ვინმეს ხელი არ ვატკინე" - შსს-მ ნაცემი ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართა სასამართლოს
13/02/2025 10:07:45 საზოგადოება
ონლაინგამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. პოლიციამ იგი 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავა და დაკავებისას სცემა.
მომხდარიდან ორი თვის შემდეგ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შსს მას 29 ნოემბრის აქციაზე წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილი] ედავება.
ადმინისტრაციული საქმის განხილვა 25 თებერვალს, 16 საათზეა ჩანიშნული.
"მცემეს, გამძარცვეს (ის ორი კამერა დაიკარგა), შემდეგ დამაკავეს გაყალბებული ჩვენებით, ორთვენახევრის შემდეგ მომადგნენ, რომ თურმე მე ვარღვევდი წესრიგს... მოლოდინიც შესაბამისი მაქვს, რაც ალბათ უკვე ყველას... შსს-სგან არ ველოდები სამართლიანობას - აქამდე გამოძიებული უნდა ყოფილიყო ჩემზე ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების საქმე. ასევე, იმედი მაქვს, რომ ჩემი გატეხილი ცხვირით ხელი არ ვატკინე ვინმეს და უარეს შედეგს არ მივიღებ - სხვა მოლოდინი არ მაქვს",- თქვა ჟურნალისტმა.
29 ნოემბერს ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა, აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ის სპეცრაზმელებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს. როგორც ის ამბობს, მას გაუსწორდნენ, როგორც ჟურნალისტს.