
მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოში პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა შეიტანა
13/02/2025 13:20:36 საზოგადოება
ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.
ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმე მისი დაკავებიდან დღემდე უკანონოა.
„ვრცელი და მოცულობითია ეს შუამდგომლობა. სავსებით დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს შუამდგომლობა არის დასაბუთებული იმ სამართლებრივი გარემოებიდან დაწყებული, რომელიც შეეხება მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებას და ეს გარემოებები კვლევის შედეგად ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ შსს-ს. უნდა აღინიშნოს, რომ შსს-ს დაკავების კანონიერებაზე დღემდე არ უმსჯელია და არ მოუმართავს სასამართლოსთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მზიას ადმინისტრაციული დაკავება იყო უკანონო, რაც სასამართლომ თითქოსდა გამოიყენა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობისთვის, როგორც გარემოება. მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ უკანონობა გრძელდება ერთი თვეა და სასამართლომ უნდა გამოასწოროს ეს ხარვეზები“, – განაცხადა ადვოკატმა.
ხიმშიაშვილის განმარტებით, სასამართლოს 24 საათი აქვს იმის გადასაწყვეტად, განიხილავს თუ არა ამ შუამდგომლობას. თუ განცხადებას წარმოებაში მიიღებს, მომდევნო 24 საათში უნდა ჩაინიშნოს ზეპირი განხილვის სხდომა და იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.