13-02-2025 17:41:38 პოლიტიკა ,საზოგადოება
ე.წ. კაბელების საქმის ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი „ტვ პირველთან“ მის მიმართ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს, რათა ის გადაწყვეტილება მიეღო, რაც პროკურატურას სურდა.
12 თებერვალს საიამ განაცხადა, რომ “კაბელების საქმეზე” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
„სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ექვსივე ბრალდებულთან მიმართებაში ეს დადასტურებული იყო პირველივე ინსტანციის განხილვის დროს სასამართლოში. მსჯელობა არის როგორც მივხვდი, აპელაციაში და კასაციაში დაშვებულ გადაცდომებზე სასამართლოს მხრიდან და საუბარია, უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რაზეც ჩემს გადაწყვეტილებაშიც იყო ვრცლად საუბარი. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ყველა ის მტკიცებულება დაუშვა საქმეზე, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა. პოლიტიკური დაკვეთა იყო, მეტი არაფერი ამ საქმეში“, – თქვა დავით ჯუღელმა.
შეკითხვაზე, ადგილი ჰქონდა თუ არა მუქარა, ჯუღელი პასუხობს:
„არა მხოლოდ მუქარა, თხოვნა, მოსყიდვა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი. იყო მუქარის წერილები მეუღლის მიმართ. ყველას მხრიდან - პროკურატურის მხრიდანაც და ცნობილი ოდიოზური ფიგურის ფარცხალაძის მხრიდანაც. ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან, მოქმედი გენპროკურორის მხრიდან, იმ პერიოდში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან. ბევრი მხარე იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, მცდელობებში, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო ისეთი, როგორიც სურდა პროკურატურას“.
მისი თქმით, ეწურებოდა 10-წლიანი სამოსამართლეო ვადა, ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ვადას გაუგრძელებდნენ და უვადოდაც დანიშნავდნენ არამხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, უზენაეს სასამართლოშიც კი.
საიას ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2015 წელს მიაჩნდა, რომ ე.წ. “კაბელების საქმეზე” დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
2016 წელს თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.