13-02-2025 17:57:17 პოლიტიკა
2025 წლის იანვარში საქართველოში უპრეცედენტო ღირებულების 481 მილიონი დოლარის (1.35 მილიარდი ლარის) ღირებულების ნახატები შემოვიდა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი,- წერს ბიზნესმედია bm.ge.
ანგარიშის თანახმად, იმპორტი განხორციელდა სამი ამანათის მეშვეობით, რომელთაგან ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. ნახატების და მათი გადასატანი ყუთების წონა 6.6 ტონას შეადგენდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტი 45%-ით, 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყანაში ხელოვნების ნიმუშების შემოტანა იყო. აღნიშნულის გარეშე იმპორტი მხოლოდ 1.1 მილიარდი დოლარი იქნებოდა, წლიური ზრდა კი 1.8%.
საქონლის განბაჟება 2025 წლის იანვარში განხორციელდა. უცნობია, მასზე გადაიხადეს თუ არა საიმპორტო გადასახდელი, რომელიც მთლიანობაში ამ ღირებულების აქტივისთვის 242 მილიონი ლარი იქნებოდა.
2024 წელს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქტივები, რომლებიც არის ოფშორული კომპანიების საკუთრებაში, საქართველოში გადმოტანის გადასახადებისგან თავისუფალია.
ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელდა.
"დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში - ეს ფინ. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული:
თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატები.
მათ შორის, აშშ - დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან "დალაგებულ" ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქედანაც მოარბენინებს ნახატებს.
აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების. ამიტომ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი!" - წერს ბექა ლილუაშვილი.