Accentnews.ge
დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება,  რომელსაც "ოცნება" არ დაესწრება

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება,  რომელსაც "ოცნება" არ დაესწრება

14/02/2025 06:17:57 პოლიტიკა

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი მონაწილეობენ.

“ქართული ოცნების” მთავრობის წევრები ღონისძიებას არ დაესწრებიან. მათ მოწვევა არ მიუღიათ. აქამდე საქართველო ყოველწლიურად იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

კონფერენციაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტიის „გახარია-საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია მონაწილეობენ.

სალომე ზურაბიშვილის პრეს–სამსახურის თანახმად, ზურაბიშვილი „უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან“.

"ასევე, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება", – აცხადებენ ზურაბიშვილის პრეს–სამსახურში.

რაც შეეხება გახარიას, პარტიის ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სადაც ის ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

მისივე ინფორმაციით, გახარიას ასევე, ექნება პირისპირ, ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ამერიკულ და ევროპულ წამყვან ანალიტიკურ ორგანიზაციებთან.

პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას მთავარი გზავნილები საქართველოს პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, შეეხება უკანონო პოლიტიკური პატიმრების დროულად გათავისუფლების მოთხოვნას და საქართველოს დროულ დაბრუნებას ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ შეცვლილ საარჩევნო გარემოში ახალი არჩევნების გზითაა შესაძლებელი.

ცნობისთვის: მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის.

ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. როგორც დასავლური მედია იუწყება, კონფერენციის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებს მიიჩნევენ.

ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 14 თებერვალს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრით დაიწყება. 15 თებერვალს გაიმართება დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. ყურადღება გამახვილდება ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე. 16 თებერვალს კონფერენცია მსოფლიოში ევროპის როლზე დისკუსიებით დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S