
შეერთებულმა შტატებმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს სანქციები დაუწესა
14/02/2025 06:35:02 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) პროკურორი კარიმ ხანი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებ–საიტზე 13 თებერვალს გამოქვეყნდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კარიმ ხანი სანქცირებულთა სიას დაამატეს მას შემდეგ, რაც 6 თებერვალს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების განკარგულებას.
სანქციები ითვალისწინებს კარიმ ხანისთვის აშშ-ში ჩასვლის აკრძალვას და მისი ფინანსური აქტივების გაყინვას.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო. ტრამპმა ICC უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უსაფუძვლო ორდერების გაცემაში დაადანაშაულა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სანქციების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობა აზიანებს სასამართლოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საქმიანობას.
ICC-მ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, პროკურორ კარიმ ხანის მიმართვის საფუძველზე 2024 წლის ნოემბერში გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ისინი ეჭვმიტანილი არიან ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას "აბსურდული და ანტისემიტური" უწოდა.