უკრაინა: რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დააზიანა

14-02-2025 12:52:34 ევროპა ,მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 14 თებერვლის ღამით რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დააზიანა.

ზელენსკი ამბობს, რომ სადგურზე ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს და რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.

"გასულ ღამეს ფუგასური ქობინის მქონე რუსულმა სამხედრო დრონმა დაარტყა საფარს, რომელიც მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საფარი ამ დრონის შედეგად დაზიანდა. ხანძარი ჩამქრალია. ამჟამად, რადიაციის დონე არ გაზრდილა და მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ არის. პირველადი შეფასებებით, საფარის დაზიანების დონე მაღალია. [...]

ამ საფარს უკრაინა აშენებდა ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ამერიკასთან ერთად, ყველასთან ერთად, ვისაც ხალხისთვის ნამდვილი უსაფრთხოება სურს. მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ასეთ ობიექტებზე თავდასხმა, ატომური სადგურების ტერიტორიის ოკუპირება და შედეგების გათვალისწინების გარეშე საომარი ქმედებების წარმოება შეუძლია, დღევანდელი რუსეთია. ეს მთელი მსოფლიოსთვის ტერორისტული საფრთხეა" - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ სარკოფაგზე რუსული დრონის იერიშის შემდეგ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებს არ გასცდენია და რომ მონიტორინგი მიმდინარეობს.

თავის მხრივ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იტყობინება, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სტრუქტურასთან აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, "კმაყოფილების დრო არ არის, IAE განგაშის მაღალ დონეზე რჩება".

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის ქმედებები მიუთითებს, რომ ის არა მოლაპარაკებებისთვის, მსოფლიოს მოტყუებისთვის ემზადება:

"რუსეთს უკრაინის ინფრასტრუქტურასა და ქალაქებზე ამგვარი იერიშები ყოველ ღამით მიაქვს. რუსეთი განაგრძობს თავისი არმიის ზრდას და მისი შეშლილი, არაადამიანური სახელმწიფო რიტორიკის ცვლილების არანაირ ნიშანს არ ავლენს. ეს ნიშნავს, რომ პუტინი მოლაპარაკებებისთვის ნამდვილად არ ემზადება, ის მსოფლიოს მოტყუების გაგრძელებისთვის ემზადება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები