
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საგარეო დახმარების აღდგენა დაავალა
14/02/2025 09:13:10 მსოფლიო
ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს განკარგულებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით, სასამართლო პროცესების დასრულებამდე უნდა აღადგინოს უცხოეთის დახმარების პროგრამების დაფინანსება.
სასამართლომ განიხილა ორი ორგანიზაციის - შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ადვოკატირების კოალიციის და ჯანდაცვის გლობალური საბჭოს საჩივრები, რომლებიც პრეზიდენტის განკარგულების საერთოდ გაუქმებას ითხოვდნენ. ამ ორგანიზაციებს უცხოეთის ქვეყნებში სამუშაოდ აფინანსებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
მოსამართლის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ USAID-ის ათასობით პროგრამის დაფინანსება შეაჩერა პროგრამების დეტალური ანალიზის მიზნით, თუმცა არ განუმარტავს, რატომ არის საჭირო ამ საკითხის შესასწავლად კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების შეწყვეტა და უამრავი ორგანიზაციის დაზარალება.
დონალდ ტრამპმა 25 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება USAID-ის პროგრამების 90 დღით შეჩერების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება.
7 თებერვალს ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გეგმა.