გერმანიის ელჩი: „ანაკლიის პროექტი შესაძლებელია, მთავრობასა და არსებულ კონსორციუმს შორის ნდობის აღდგენითაც განხორციელდეს“

26-02-2020 15:14:27 კომენტარი

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიჩნევს, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესაძლებელია, მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ნდობის აღდგენითაც განხორციელდეს“.

„საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში საქართველოს როლის გაზრდა ამბიციური პროექტია. წარმატება დამოკიდებული იქნება კასპიისა და შავ ზღვებს შორის კონტეინერების სწრაფი და ეფექტური ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების მოძიებაზე. ანაკლიის პორტის პროექტი, როგორც ამ ჯაჭვის ერთ–ერთი რგოლი, შესაძლებელია, განხორციელდეს ან მთავრობასა და უკვე არსებულ კონსორციუმს შორის ნდობის აღდგენით, ან ახალი მიდგომის მოძიებით“, – განუცხადა ელჩმა „აქცენტს“.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა და მიზეზად კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. თავად კონსორციუმი კი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდება.

სადღეისოდ არსებული მონაცემებით, პორტის, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად განიხილებოდა, მშენებლობის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ვითარებას ის გარემოებაც ართულებს, რომ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო დავა საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვებს და, ექსპერტების მოლოდინის თანახმად, დავის პირობებში არსებულ პროექტში სერიოზული ინვესტორი ინვესტიციას არ განახორციელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები