
ქართველებმა და უკრაინელებმა ბაკურიანში, კოტეჯზე გადმოფენილი რუსეთის დროშა ჩამოხსნეს
15/02/2025 07:57:17 საზოგადოება
ბაკურიანში, ერთ-ერთი კოტეჯის აივანზე რუსეთის დროშა იყო გადმოფენილი. მას შემდეგ, რაც ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ადგილზე მოქალაქე გიგა თედორაძე ადგილზე მივიდა მეპატრონესთან ან ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის სათქმელად, რომ დროშა ჩამოეხსნათ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის ესაუბრება სასტუმროს დაცვის თანამშრომელს, რომელმაც თქვა, რომ ტერიტორია კერძოა და უფლება არ ჰქონდათ, დროშა ჩამოეხსნათ. მოგვიანებით გიგა თედორაძემ უკრაინელების დახმარებით ჩამოხსნა რუსეთის დროშა აივნიდან.
"საქართველოში რუსეთის დროშა ვერ იფრიალებს",- თქვა თედორაძემ.
ფაქტს გამოეხმაურა Crystal Hotel & SPA:
„გვსურს განვმარტოთ ბაკურიანში, კოტეჯ 16/1-ზე გამოფენილი რუსეთის ფედერაციის დროშის გარშემო შექმნილი ვითარება. აღნიშნული კოტეჯი არ წარმოადგენს Crystal Hotel & SPA-ს ან კრისტალ ჯგუფის საკუთრებას. მას ჰყავს კერძო მფლობელი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოფინა აღნიშნული დროშა. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, ის კატეგორიულ უარს აცხადებს მის ჩამოხსნაზე. ამავე პერიოდში კრისტალის საკურორტო ზონა მასპინძლობს EYOF Bakuriani 2025-ს, რომლის ფარგლებში საკურორტო სივრცეში განთავსებულია 45 მონაწილე ქვეყნის დროშა. რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ფესტივალში არ მონაწილეობს, შესაბამისად, მისი დროშა ფესტივალის ფარგლებში არ გამოუყენებიათ. ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კრისტალ ჯგუფის რეპუტაციაზე. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქმედება მიზანმიმართული მცდელობა იყოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის. კრისტალ ჯგუფი მკაფიოდ ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საზოგადოებაში არასწორ აღქმას იწვევს, და ვრჩებით ერთგულნი ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების“.