
საია: მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კანონის დარღვევით ჩაინიშნა
15/02/2025 11:56:04 საზოგადოება
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კანონის დარღვევით ჩაინიშნა.
ორგანიზაციის ცნობით, სხდომა 17 თებერვალსაა ჩანიშნული და ჩაინიშნა ისე, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის.
"ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს ჩაინიშნა სხდომა 11 იანვრის საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის, რაც დარღვევას წარმოადგენს.
ამ დრომდე ჩვენთვის არ გადმოუციათ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა. სამართალდარღვევის პროცესის ჩანიშვნა და განხილვა მხარისათვის შეტყობინების გარეშე, დაუშვებელია.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს მხოლოდ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც სრული სიცრუეა. ამ სიცრუეს ადასტურებს მზია ამაღლობელის დაკავების ვიდეოკადრები", - ნათქვამია განცხადებაში.