
პროტესტის 81–ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
16/02/2025 17:53:28 საზოგადოება
პროტესტის 81–ე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გრძელდება.
მათი მთავარი მოთხოვანა უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
ქაშუეთან შეკრებილმა მომიტინგეებმა საავტომობილო გზა დაიკავეს. მანამდე, დემონსტრანტებმა ტაძართან ბათუმში დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
გარდა ამისა, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა. სამინისტროსთან შეკრებილებმა ბათუმში დაღუპული ორი ბავშვის ახლობლებსა და მთელს საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს.
ასევე, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მდუმარე მსვლელობით შეუერთდნენ "საზოგადოებრივი მაუწყებელთან" შეკრებილები.
ცნობისთვის: ბათუმში 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები ჩავარდნენ კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.