17-02-2025 14:05:02 ევროპა
ევროპელი მაღალჩინოსნები ახალ ფართომასშტაბიან პაკეტზე მუშაობენ, რათა თავდაცვის ხარჯი და უკრაინისადმი მხარდაჭერა გაზარდონ,- იტყობინება Bloomberg.
გამოცემა წერს, რომ 17 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები პარიზში არიან მიწვეული, რათა საპასუხო გეგმა შეიმუშაონ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ზღვარი არსებობს, თუ რისი გაკეთებისთვის არის მზად აშშ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპელ ლიდერებს კონტინენტის სამხედრო ძალის აღდგენა დაევალათ თითქმის 80 წლის შემდეგ, რაც უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპელმა ლიდერებმა ფაქტობრივად აშშ-ს მიანდვეს.
"ვითარება სასწრაფოა, რადგან ტრამპი უკრაინაში ომის დასამთავრებლად ძალისხმევას აჩქარებს, ხოლო ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შესაძლოა, დამღუპველ შეთანხმებაზე მოუწიოს ხელის მოწერა, თუ ევროპელი ლიდერები სწრაფად არ შეადგენენ გეგმას, რათა მას სამხედრო დახმარება გაუწიონ". - წერს Bloomberg.
გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა აღდგომამდე სურთ. თუმცა, ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებების ტემპი, რომელიც ამ კვირაში საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრით იწყება, ამბიციური და პოტენციურად არარეალისტურია.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და დანიიდან კოლეგებს უმასპინძლებს, რათა საპასუხო ნაბიჯები შეიმუშაონ. შეხვედრაზე ასევე იქნება NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც.
Bloomberg-ის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა და ევროპული სახელმწიფოების მხრიდან შესაძლო უსაფრთხოების გარანტიები იქნება, რათა ევროპა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს მიღმა არ დარჩეს.