
ზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელზე: წინა კვლევასთან შედარებით, მდგომარეობა გაუარესებულია
17/02/2025 14:14:17 საზოგადოება
„ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა კვლევასთან შედარებით, გაუარესებულია.
როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაარწმუნონ, შეწყვიტოს შიმშილობა.
ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ თუ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი შიმშილობას არ შეწყვეტს, შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
„მისი ზოგადი მდგომარეობა შეესაბამება მის ხანგრძლივ შიმშილობას. მინდა, მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, პაციენტი მზია სრულად დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციებს. რეკომენდაციაა დაიწყოს საკვების მიღება - ეს ერთადერთი გზაა, რომ თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მისი მდგომარეობა და ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები, რაც უტარდება და რაც ჩატარდა დღეს“, - განუცხადა მან "რადიო თავისუფლებას"
მისივე თქმით, მზია ამაღლობელი ინფორმირებულია მოსალოდნელი რისკების შესახებ, თუმცა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ იღებს.
მზია ამაღლობელი 37-ე დღეა, შიმშილობს. იგი შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.