
სტარმერი: უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, სასწორზე მხოლოდ მისი მომავალი არ დევს, ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია
18/02/2025 05:00:40 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს. ამის შესახებ მან პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ხანგრძლივი, მყარი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად. სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია“, – განაცხადა მან.
იგი მიიჩნევს, რომ „აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტურად შეაჩეროს“.
მისი თქმით, იგი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე „ხანგრძლივი მშვიდობის ძირითად შემადგენელ ნაწილებს განიხილავს“.