Accentnews.ge
რა თქვეს აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნებმა საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ

რა თქვეს აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნებმა საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ

18/02/2025 13:18:02 მსოფლიო

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის და რუსეთის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა დასრულდა. აუდიენცია დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

რა თქვა ამერიკულმა მხარემ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ტემი ბრიუსის განცხადებით, აშშ და რუსეთი ორმხრივ ურთიერთობებში „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ მოშორებაზე და უკრაინის საკითხის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

"აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ მოიშორონ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში გამაღიზიანებელი ფაქტორები ჩვენი დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით“, განაცხადა ბრიუსმა.

მისივე თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დანიშნონ ჯგუფები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, "რომლებიც იმუშავებენ უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება, სწრაფად დასრულებაზე ისე, რომ შეთანხმება იყოს მდგრადი და მისაღები ყველა მხარისთვის".

"გარდა ამისა, შეერთებული შტატები და რუსეთი დაიწყებენ ფიქრს მომავალი თანამშრომლობის ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესის საკითხებზე და ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, "პრეზიდენტ ტრამპს სურს, შეაჩეროს სისხლისღვრა":

"შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა და იყენებს თავის ძალას მსოფლიოში ქვეყნების გაერთიანებისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, აიძულოს უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ ამაზე".

მისივე თქმით, „დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა აიღეს ვალდებულება, განაგრძონ პროცესში ჩართულობა, რათა უზრუნველყონ პროცესის დროული და პროდუქტიული წინსვლა“.

როგორც აშშ–ის სახელწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, „ერთი სატელეფონო ზარი, რომელსაც მოჰყვება ერთი შეხვედრა, არ არის საკმარისი ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად და დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ პროცესის დასაწყისია".

შეერთებულმა შტატებმა ასევე მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთს მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.

რა თქვა რუსულმა მხარემ

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა "კარგად ჩაიარა" და იყო "სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე".

მან ასევე თქვა, რომ "შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მხარეებმა განაგრძონ მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე და მოკლედ განიხილეს პუტინი-ტრამპის სამიტისთვის საჭირო პირობები". თუმცა უშაკოვმა აღნიშნა, რომ მისი გამართვა მომავალ კვირას ნაკლებად სავარაუდოა:

"საჭიროა, ორი ქვეყნის დელეგაციებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ახლა ძნელია საუბარი ორი ლიდერის შეხვედრის კონკრეტულ თარიღზე”.

რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, როდიდან დაიწყებენ რუსული და ამერიკული ჯგუფები კონტაქტებს უკრაინასთან დაკავშირებით, უშაკოვი აცხადებს, რომ "გადაწყვეტილებას რუსული მხარის კონტაქტზე ამერიკულთან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს".

ცნობისთვის: დღევანდელ შეხვერაში მონაწილეობდნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი.

შეხვედრის მასინძლები იყვნენ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოსაად ბინ მოჰამად ალ-აიბანი. როგორც დასავლური მედია იუწყება, მასპინძლებმა შევხედრა სავარაუდოდ, მოლაპარაკებების დასაწყებისას დატოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S