
კალაძე რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოების დაწყებას მაისისთვის აანონსებს
19/02/2025 07:48:59 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოების დაწყებას მაისისთვის გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„როგორიც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელზეც თვითონ გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ, ხშირია ასეთი დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც, პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის ახალი განათების ბოძებით, თავისი სანათებით, განთავსდება მიწისქვეშა ურნები. მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მერია გეგმავს არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია:
„ამ სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება.გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადებით, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა-ნაგებობები,რომელიც მდებარეობს ამ გამზირზე“.
კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ბოლო 84 დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის ინიციატორი.