
„თბილსერვის ჯგუფს“ ახალი სერვისი ემატება
19/02/2025 07:57:26 საზოგადოება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით „თბილსერვის ჯგუფს“, რომელიც დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს, ახალი მომსახურება ემატება.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი მომსახურებით, მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო, ძველი ავეჯის, მწვანე ნარჩენების და სხვა სახის ნარჩენების გატანა შეეძლებათ როგორც ცხელ ხაზზე დაკავშირებით, ისე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
„თბილსერვის ჯგუფს“ ახალი მომსახურება ემატება, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს. მაგალითად თუ სამშენებლო-სარემონტო, ძველი ავეჯის, მწვანე ნარჩენების გატანა დაგჭირდებათ, შეგეძლებათ ახალი სერვისით ისარგებლოთ და "თბილსერვის ჯგუფი" 72 საათის განმავლობაში ამ ნაგვის გატანას უზრუნველყოფს. 1 კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური იქნება მხოლოდ 9 ლარი. ვებ-გვერდი გაუმარტივებს ადამიანებს ამ სერვისის მიღებას. გარდა ამისა არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და მიაწოდოთ ინფორმაცია",- თქვა კალაძემ.