
კალასი რუბიოს ესაუბრა: რუსეთი ჩვენს დაყოფას შეეცდება, მოდით, მათ ხაფანგში ნუ გავებმებით
19/02/2025 08:11:35 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ესაუბრა. ამის შესახებ კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მარკო რუბიოს ვესაუბრე. რუსეთი ჩვენს დაყოფას შეეცდება, მოდით, მათ ხაფანგში ნუ გავებმებით. აშშ-სთან ერთად მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის პირობებით“, – წერს კაია კალასი.
მოგვიანებით, რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის რეაქცია აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე.
ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა უკმაყოფილოა, რომ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, მაგრამ მანამდე მათ სამი წელი ჰქონდათ ომის დასასრულებლად და შეთანხმების მისაღწევად.
ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაა საჭირო და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა. თუმცა რა მონაცემებს ეყრდნობა, არ უთქვამს.
იმის გამო, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არ ჩატარებულა, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც თავად ქვეყანას 25 წელია მართავს. დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინაში არჩევნების შესახებ რუსულ პროპაგანდას იმეორებს და აცხადებს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და შექმნილ სიტუაციას ეფუძნება.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად 2019 წლის აპრილში აირჩიეს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო ვერ ჩატარდა.
რა თქვეს აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნებმა საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ