ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ

19-02-2025 15:43:44 ევროპა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი პაკეტი ძალაში შევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე - 24 თებერვალს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ახალი შემზღუდავი ზომები ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთიდან ალუმინის პროდუქციის შესყიდვის ეტაპობრივ აკრძალვას. ასევე გამკაცრდება შეზღუდვები რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე. მოელიან, რომ სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 73 ტანკერს. „შავ სიაში“ დაამატებენ ბანკებსაც. ახალი სანქციები შეეხება რუსეთის მედია საშუალებებს, რაც ევროკავშირში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოხდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც თავისი ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე, დაარწმუნა თავისი ევროპელი კოლეგები, რომ აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე.

„სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებით, იმპორტსა და ექსპორტზე ახალი აკრძალვების შემოღებით და პუტინის „ჩრდილოვან ფლოტზე“ სანქციების დაწესებით, ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანის „ფარულ კარს“ ვხურავთ. კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები