ჯონსონი: ტრამპის განცხადებები მიზნად ისახავს ევროპელების გამოფხიზლებას, უნდა ვიყოთ სერიოზულები და სწრაფები

19-02-2025 16:58:59 ევროპა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბორის ჯონსონი ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკრაინასთან მიმართებით.

"როდის ვაპირებთ ჩვენ, ევროპელები დონალდ ტრამპის სკანდალირების შეწყვეტას და როდის დავიწყებთ მის დახმარებას ამ ომის დასრულებაში?

რა თქმა უნდა, ომი უკრაინას არ დაუწყია. თქვენ ასევე შეიძლება თქვათ, რომ ამერიკა დაესხა თავს იაპონიას, პერლ ჰარბორზე.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში, რომელიც ძალადობრივ შეჭრას განიცდის, არ უნდა გაიმართოს არჩევნები. 1935 წლიდან 1945 წლამდე დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები არ ჩატარებულა.

რა თქმა უნდა, ზელენსკის რეიტინგი არ არის 4%. ის რეალურად დაახლოებით იგივეა, რაც ტრამპის.

ტრამპის განცხადებები მიზნად ისახავს არა ისტორიულ სიზუსტეს, არამედ ევროპელების გამოფხიზლებას.

კერძოდ, აშშ-ს შეუძლია, ნახოს 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივები - ძირითადად ბელგიაში. ეს არის ნაღდი ფული, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული უკრაინისთვის და აშშ-ის მხარდაჭერისთვის კომპენსაციისთვის.

რატომ აფერხებს ევროპა პუტინის გაყინული ფულის გახსნას?

აშშ თვლის, რომ ბელგია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ბლოკავენ. ეს აბსურდია. ჩვენ უნდა ვიყოთ სერიოზულები და სწრაფები," - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.

მანამდე ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის რეაქცია აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე. ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა უკმაყოფილოა, რომ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, მაგრამ მანამდე მათ სამი წელი ჰქონდათ ომის დასასრულებლად და შეთანხმების მისაღწევად. ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაა საჭირო და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა. თუმცა რა მონაცემებს ეყრდნობა, არ უთქვამს. იმის გამო, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არ ჩატარებულა, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც თავად ქვეყანას 25 წელია მართავს. დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინაში არჩევნების შესახებ რუსულ პროპაგანდას იმეორებს და აცხადებს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და შექმნილ სიტუაციას ეფუძნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები