21-02-2025 20:15:40 საზოგადოება ,სამართალი
5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ყოველ დღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს.
„დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, არის კონსტიტუციის დარღვევა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს.
5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია.
ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება. თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველ დღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროევროპული აქციის მონაწილეების 5000 ლარით დაჯარიმებაზე განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები "მიზანმიმართულად და ხელოვნურად" კეტავენ რუსთაველის გამზირს:
„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.
საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე, რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები.
საჩივრის განხილვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას".
ცნობისთვის: უკვე 86 დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმად, გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
დემონსტრანტები ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.