
სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს მძღოლს, რომლის მანქანასაც „თბილისი მოლთან“ პოლიციელები ურტყამდნენ
22/02/2025 17:46:39 საზოგადოება
შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მძღოლის მიმართ, რომლის მანქანასაც 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ სამართალდამცველები ხელებს ურტყამდნენ.
22 თებერვალს მოქალაქე თათუშა არველაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გიორგი მონავარდისაშვილი პოლიციელებს ჰყავთ გაჩერებული რუსთავში. პოლიციელთა განმარტებიდან ირკვევა, რომ მას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის „დარღვევისათვის“, ხოლო პოლიციაში გამოიძახეს, რადგან დამატებით ედავებიან ამავე კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. ამასთან, პოლიციელებმა მოქალაქეს ჩამოართვეს მართვის უფლება.
123-ე მუხლი გულისხმობს „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებას ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას“;173-ე მუხლი კი გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. თავად პოლიციელები მასთან საუბარში ახსენებენ „პოლიციელის შეურაცხყოფას“, თუმცა ასახელებენ ასკ-ის 173-ე მუხლს.
2 თებერვალს გიორგი მონავარდისაშვილმა თქვა, რომ „მოლთან“ შეკრებილ ხალხს სიგნალით სოლიდარობას უცხადებდა, რის გამოც ნიღბიანი პოლიციელები მას აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
ის იხსენებს, რომ უცებ მანქანას ნიღბიანი პირები მისცვივდნენ და დაუწყეს ხელების რტყმა, გინება და მუქარა. კადრებში ჩანს, რომ ასევე პოლიციელები მოუწოდებენ, განაგრძოს სვლა და ტოვებს ტერიტორიას.