
ომის დაწყების მესამე წლისთავზე რუსეთმა უკრაინას 185 დრონით შეუტია
24/02/2025 08:46:45 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 24 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 185 დრონი. უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 113 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში, 71 „უპილოტო-იმიტატორი“ კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დაზარალდნენ დნეპროპეტროვსკის, კიევის, ხმელნიცკის და ოდესის ოლქები.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის, კიევის და ხმელნიცკის ოლქებში დაზიანებულია სახლები, ოდესის ოლქში - საპორტო ინფრასტრუქტურაც.
დღეს, 24 თებერვალს სამი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
დილით კიევში ჩავიდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელები და ბალტიის ქვეყნების, ესპანეთის და კანადის ლიდერები.