
“მოხალისეები გურიისთვის” – მოქალაქეები ერთიანდებიან დიდთოვლობით დაზარალებულთა მხარდასაჭერად
25/02/2025 08:17:18 საზოგადოება
“მოხალისეები გურიისთვის” – ასე ჰქვია ფეისბუქ-ჯგუფს, რომელიც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა.
რამდენიმე დღეა თოვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თოვლის მასა განსაკუთრებით დიდია დასავლეთ საქართველოში, აჭარასა და გურიაში. სოფლების ნაწილს არ მისწოდებია ელექტროენერგია, გაზი, ჩაკეტილია გზები.
დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში ვითარება კვლავ რთული რჩება.
შუახნის მამაკაცი დაიღუპა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.
მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.
ლანჩხუთის მერმა თქვა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი.
დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც. შეფერხებულია ენერგომომარაგება.