საგანგებო: შსს-ს თანამშრომლები ეტაპობრივად რეაგირებენ 112-ში შემოსულ შეტყობინებებზე

25-02-2025 18:19:21 საზოგადოება ,რეგიონები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დიდთოვლობასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში მესამე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკა, მათ შორის- თოვლის ბურანები.

„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსულ შეტყობინებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას.შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“, — ნათქვამია განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა, თუმცა დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები