
თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდა
01/06/2019 07:00:33 ეკონომიკა
თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდა. კერძოდ, თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − მწარმოებლის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.