
შმიგალი: არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე
26/02/2025 16:01:31 მსოფლიო
აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს,- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ განიხილავს აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
შმიგალის თქმით, უკრაინის მთავრობა შეთანხმების 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განიხილავს.
“ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე… ეს შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. არც უკრაინის პრეზიდენტი, არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავენ ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან მოწყვეტილად”, - განაცხადა შმიგალმა.
თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიწვევა მიიღო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მხარეები აშშ-უკრაინას შორის მინერალებზე გარიგების განახლებულ ვერსიაზე შეთანხმდნენ.
ზელენსკის თქმით, შეთანხმება ჯერჯერობით საბოლოო არ არის და დაამატა, რომ მას დოკუმენტის შესასწავლად და ევროპელ მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლად დრო სჭირდება. თუმცა, უკრაინის ლიდერმა მიანიშნა, რომ შეთანხმების გეგმა მისთვის მისაღებია, რადგან იგი არ მოიცავს ისეთ პირობებს, რომელიც უკრაინას "მოვალე" სახელმწიფოდ აქცევს.
"ამ შეთანხმებას, შესაძლოა, დიდი წარმატება ჰქონდეს ან უხმაუროდ გადაიაროს. დიდი წარმატება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული". - აღნიშნა მან.
მინერალებზე შეთანხმების განახლებული ვერსია აშშ-ს უკრაინასთან ერთობლივ ფონდზე სრულ საკუთრებას არ ანიჭებს, თუმცა, მასში არც მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებია გათვალისწინებული. ამის შესახებ გამოცემა Українська правда წერს, რომელმაც დოკუმენტზე წვდომა მოიპოვა.