Accentnews.ge
შმიგალი აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საკვანძო პუნქტებს აქვეყნებს

შმიგალი აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საკვანძო პუნქტებს აქვეყნებს

26/02/2025 20:39:26 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც უკრაინულ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ მინერალებზე შეთანხმების განახლებული ვერსია აშშ-ს უკრაინასთან ერთობლივ ფონდზე სრულ საკუთრებას არ ანიჭებს, თუმცა, მასში არც მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებია გათვალისწინებული, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, “დღეს მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც საჭიროა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად” და შეთანხმების 6 საკვანძო პუნქტი გამოაქვეყნა.

  • უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
  • უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
  • უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
  • აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
  • ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
  • შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.

"ასე რომ, არ გაჩნდება არავითარი წინააღმდეგობები ან შეუთავსებლობები ჩვენს ევროინტეგრაციულ ვალდებულებებთან,” - დაწერა დენის შმიგალმა.

მანამდე შმიგალმა განაცხადა, რომ აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ განიხილავს აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები აგრძელებენ მუშაობას წიაღისეული რესურსების ერთობლივი განვითარების შესახებ შეთანხმებაზე და რომ უკვე მომზადებულია პროექტი, რომელიც დადებითად შეაფასეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა. ზელენსკის თქმით, მთავარია ის, რომ პროექტში არაა მითითებული უკრაინის რაიმე ვალი აშშ-ის მიმართ. „ეს უსამართლობა იქნებოდა ჩვენ მიმართ,“ ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არ მისცემს.

მისი თქმით, უკრაინას არავინ დაესხმება თავს მანამდე, სანამ იქ ამერიკა იმყოფება.

ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი რესურსების შესახებ ქვეყნებს შორის შეთანხმებით, რომელსაც იგი იმედოვნებს, რომ პარასკევს მოაწერს ხელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთთან საქმეები „ძალიან კარგად“ მიდის. მან იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება.

ასევე ტრამპმა გაიმეორა, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატოს ალიანსს. მისი სიტყვებით, მოსკოვსაც მოუწევს დათმობებზე წასვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S