27-02-2025 10:23:30 მსოფლიო
აშშ 25%-იან გადასახადს დაუწესებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს და სხვა საქონელს, – ამის შესახებ შეერტებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ.
პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ "ევროკავშირი აშშ-ის საზიანოდ შეიქმნა". პასუხად ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირი მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ბაზარია, რომელიც სასიკეთოდ წაადგა აშშ-საც.
ევროკომისიის ცნობით, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობისთვის უსაფუძვლო ბარიერების შექმნას მტკიცედ და დაუყოვნებლივ უპასუხებენ. ევროკომისიის პოზიციაა, რომ საჭიროა არა ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა, არამედ ერთად მოქმედება ხალხისა და ბიზნესის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში არ გამორიცხა, რომ მალე საბაჟო გადასახადს დაუწესებენ ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს. მოგვიანებით, მან 25%-იანი გადასახადიც ახსენა. ტრამპის განცხადებით, ევროკავშირთან მიმართებით სავაჭრო დეფიციტმა 300 მილიარდ დოლარს მიაღწია, რადგან, მაშინ, როცა აშშ ევროკავშირისგან ყველაფერს ყიდულობს, ისინი არ ყიდულობენ თითქმის არაფერს, მათ შორის არც ამერიკულ ავტომანქანებს და არც სოფლის მეურნეობის პროდუქციას.
იანვარში Reuters იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პირველი განცხადებების შემდეგ ავტომობილების ზოგიერთმა ევროპელმა მწარმოებელმა, მათ შორის BMW-მ ევროკავშირს მოუწოდა საბაჟო ტარიფების გათანაბრებისკენ. ევროკავშირში აშშ-დან იმპორტირებულ ავტომობილებზე 10%-იანი საბაჟო გადასახადი მოქმედებს, მაშინ, როცა აშშ ევროპულ ავტომანქანებს 2,5%-ით ბეგრავს.