27-02-2025 13:34:48 საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია.
"დასავლეთ საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სტიქიის პიკზე, გურიის მაშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30 %-ს, ამ დროისთვის კი ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20 %.
მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადებიც.
აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა.
ძაბვა მიეწოდება ასევე სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის ელექტროენერგით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდისა და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება
აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთისა და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია", - აცხადებენ კომპანიაში.
მისივე ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში შესაძლოა, გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი და ადგილზე ახალი ბოძების მიტანის საჭიროება იყოს.
„შესაძლოა, იყოს გადაადგილების პრობლემა, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ყველგან მივიდეთ და ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები. აღსაქმელად რომ ადვილი იყოს, შესაძლოა, ზოგიერთ სოფელში გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც იწონის 400 კგ-ს. აქ საჭიროა სპეცტექნიკა, რომელთაც უნდა მოხდეს ახალი ბოძების შეატანა. ასეთ შემთხვევაში სამუშაოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.