
ცხინვალის რეჟიმმა თბილისისკენ ყველა გადმოსასვლელი ჩაკეტა
27/02/2020 11:02:13 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის მოტივით ე.წ. "სინაგურის" (ოსური სახელწოდება - პერევთან მდებარეობს) გამშვები პუნქტიც განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტა.
შესაბამისი განცხადება დღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
"ვირუსი მთელს მსოფლიოშია მოდებული. ახლა მან მეზობელ საქართველოშიც შეაღწია. ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის და ოპერატიულ რეაგირებას მოითხოვს. ამიტომაც მიღებულია გადაწყვეტილება, სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები ახალ გადაწყვეტილებამდე ჩავკეტოთ" - აღნიშნა, ოსური მედიის ინფორმაციით, ბიბილოვმა.
ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოამზადა მოსახლეობისადმი მიმართვა რეკომენდაციით, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე "უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ".
ცნობისთვის: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალის რეჟიმი "სინაგურის" გადასასვლელის ჩაკეტვასაც გეგმავდა, "აქცენტმა" ორიოდ დღის წინ გაავრცელა.
რაც შეეხება მეორე ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალი ტიპის კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადებისა და დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, ენგურის ხიდზე გადაადგილება ჯერ არ შეწყვეტილა.