
სლოვენიის პრეზიდენტი: უკრაინაში მშვიდობის გზაზე ლიდერი ევროპა უნდა იყოს
01/03/2025 10:53:52 ევროპა
სლოვენიის პრეზიდენტი ნატაშა პირც მუსარი მხარდაჭერას უცხადებს კიევს და აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში 28 თებერვალს მომხდარი ამბავი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებსა და დიპლომატიის საფუძვლებს.
სლოვენიის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ლიდერობა ევროპამ უნდა იტვირთოს.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს. კვლავ ვიმეორებთ, რომ აგრესორი არის რუსეთი. აუცილებელია, რომ ჩვენ გავზარდოთ და დავიცვათ დემოკრატიული იდეალები, უზრუნველვყოთ მათი ასახვა ჩვენს ქმედებებსა და ურთიერთობებზე გლობალური მასშტაბით. დადგა დრო, რომ ევროპამ ლიდერის როლი შეასრულოს, უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზაზე”, - დაწერა სლოვენიის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე თეთრ სახლში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მედიის წინაშე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.
უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა გამოხატა თეთრ სახლში მომხდარი უპრეცედენტო ინციდენტის შემდეგ.