
თეთრი სახლის პრეს–მდივანი: "ჩვენ აღარ ვაპირებთ, ჩვენგან ძალიან შორს მიმდინარე ომისთვის ცარიელი ჩეკები გამოვწეროთ ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის გარეშე"
01/03/2025 12:26:39 მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ზელენსკი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი "აღარ აპირებს, ძალიან შორს მიმდინარე ომისთვის ცარიელი ჩეკები გამოწეროს ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის გარეშე".
- "ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს სურს, მშვიდობაა. იმისათვის, რომ მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკება გამართო, ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან, ორივე მხარემ უნდა ილაპარაკოს. კარგ შეთანხმებაში, როგორც წესი, ორივე მხარე ცოტათი უკმაყოფილო რჩება. პრეზიდენტი ზელენსკი ამას ვერ აცნობიერებს. თეთრ სახლში ახლა აღარ არის წინა ადმინისტრაცია. ჯო ბაიდენი აღარ არის ოვალურ კაბინეტში. ჩვენ აღარ ვაპირებთ, ჩვენგან ძალიან შორს მიმდინარე ომისთვის უბრალოდ ჩეკები გამოვწეროთ ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის გარეშე", – განაცხადა მან Fox News–სთან საუბრისას.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა შეცვალოს თავისი ქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი "საერთოდ ვერ შეძლებს გარიგებას".
მან ტრამპისა და ზელენსკის შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაში ზელენსკი დაადანაშაულა, რადგან, მისი თქმით, "სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს პრაგმატული რეალობის აღიარებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ".
მანამდე, The Washington Post–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს.