
ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა
01/03/2025 12:39:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.
დასავლური მედიის ცნობით, 2 მარტს ზელენსკი ბრიტანეთში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უსაფრთხოებისათვის მიძღვნილ ევროპის ლიდერთა სამიტში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიერ არის ორგანიზებული.
დაგეგმილი ღონისძიების წინ სტარმერი მოლაპარაკებებს გამართავს ზელენსკისთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან.
მანამდე, პარასკევს ღამე სტარმერს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკითან და აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინისა და ამერიკის ლიდერებს შორის ოვალურ კაბინეტში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. სტარმერის ოფისის ცნობით, "პრემიერ–მინისტრი ინარჩუნებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და თამაშობს თავის როლს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზის პოვნაში. იგი მოუთმენლად ელის კვირას საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას".
ცნობისთვის: ზელენსკისა და ტრამპს შორის შელაპარაკება თეთრი სახლის ოვალურ ოფისში 28 თებერვალს მოხდა. ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.
შელაპარაკების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა, ტრამპის და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა.
უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ არის.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ორივე მხარისთვის იყო ცუდი. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის შეუძლია თეთრ სახლში დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის.