
უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად ლონდონმა და კიევმა £2,6-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
01/03/2025 21:24:13 ევროპა
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო შესაძლებლობების განსავითარებლად გაყინული რუსული აქტივებით მიღებული შემოსავლიდან 2.26 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს.
ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრი, სერგიი მარჩენკო წერს.
"მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად, უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის ხელი მოვაწერეთ £2.26-მილიარდიან ხელშეკრულებას დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ რეიჩელ რივზთან. ეს ფინანსები უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებით. მადლიერები ვართ დიდი ბრიტანეთის, რომ ისინი აგრესორს ომისთვის პასუხს აგებინებენ". - წერს მარჩენკო.
თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით იტყობინება:
"ლონდონი. მნიშვნელოვანი და თბილი შეხვედრა პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან. საუბრების დროს განვიხილეთ უკრაინის და მთელი ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები, პარტნიორებთან კოორდინაცია, კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად და ომის დასრულებისთვის სამართლიანი მშვიდობით, უსაფრთხოების საიმედო გარანტიებით.
პრინციპული მხარდაჭერის სიტყვები ბატონი პრემიერისგან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დღეს, ჩვენი თანდასწრებით, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას. ეს სესხი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მიღებული შემოსავლებიდან ანაზღაურდება. თანხა უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება. ეს არის ნამდვილი სამართალი: ომის დამწყებმა უნდა გადაიხადოს.
მადლობა ხალხს და დიდი ბრიტანეთის მთავრობას ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის ამ ომის დაწყებიდან დღემდე. მოხარულები ვართ, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორები და ვიზიარებთ ხედვას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხო მომავალი ყველასთვის."
1 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ.
ზელენსკი 2 მარტს ლონდონში დაგეგმილ ევროპელ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელზეც უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021