რუტე: ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის

02-03-2025 20:30:53 ევროპა

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლონდონის სამიტთან დაკავშირებით სამ ძირითად პუნქტს ასახელებს.

„ძალიან პოზიტიური დასაწყისი დღევანდელ შეხვედრაზე ლონდონში. სამი ძირითადი პუნქტი:

მხარი დავუჭიროთ უკრაინას დღეს. ევროპაში ყველამ მეტი უნდა გასცეს;

ჩვენ ყველას გვინდა სამშვიდობო შეთანხმება და ის უნდა გაგრძელდეს. აქ ევროპა ნამდვილად წინ მიიწევს;

ნატო-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის“,- წერს რუტე X-ზე და აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთად შეხვედრის ფოტოს.

ლონდონში უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.

სამიტს ესწრებიან: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იუნას გარ სტორე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.

„უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება არ არის მხოლოდ „სწორია თუ არასწორიას“ საკითხი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის, როგორც აქ წარმოდგენილი, ასევე სხვა მრავალი ქვეყნისთვის“, - თქვა სტარმერმა სამიტის გახსნისას.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და განაცხადა, რომ უკრაინის გვერდით იდგებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

”ჩვენ, ყველანი თქვენთან, უკრაინასთან ვართ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - აღნიშნა სტარმერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები