03-03-2025 10:49:06 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის წინადადებაა, რომ პირველ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის ამოქმედდეს ერთთვიანი ზავი, რომელიც მოიცავს ჰაერიდან და ზღვიდან შეტევებისა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას. ამის შესახებ მაკრონმა ლონდონში უკრაინასა და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამიტის დასრულების შემდეგ Le Figaro-ს განუცხადა.
მისივე თქმით, მან და სტარმერმა ეს ინიციატივა სამიტის მონაწილეებს გააცნეს.
მაკრონის განცხადებით, დროებითი ზავი უნდა იყოს პირველი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც მოლაპარაკებები გაგრძელდება. რაც შეეხება ნაწილობრივ ზავს, რომელიც ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებებს არ ეხება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს იმით ახსნა, რომ ფრონტის ხაზი მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას და ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა რთული იქნება.
მისი თქმით, უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
ცნობისთვის: 2 მარტს ლონდონში ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის შესახებ იმსჯელეს. სამიტს ესწრებოდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის და ნატო–ს ხელმძღვანელებიც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ სანამ ომი გრძელდება, უკრაინას ისევ გაუწევენ სამხედრო დახმარებას და გააძლიერებენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას. სამიტის მონაწილეთა პოზიციაა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს და ნებისმიერმა მყარმა მშვიდობამ უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ევროპის ლიდერების მიზანი იქნება მომავალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღკვეთა. უკრაინის დაცვისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მსურველი ქვეყნები კოალიციას შექმნიან.
სამიტის წინ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა BBC-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანა უკრაინასთან ერთად იმუშავებენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე, რომელსაც შემდეგ შეერთებულ შტატებთან ერთად განიხილავენ.
ლონდონის სამიტს წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების ჩაშლა. 28 თებერვალს თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.