
კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს
03/03/2025 13:44:16 მსოფლიო
კანადა განიხილავს ყველა ვარიანტს უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ, მათ შორის ჯარების გაგზავნას უცხოური კონტიგენტის შემადგენლობაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. ასეთი სცენარის შესაძლებლობაზე საუბრისას პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ „ყველაფერი მაგიდაზეა“, იუწყება The Guardian.
„ჩვენ ვიცით, რომ კანადის სამხედროებს შეუძლიათ წვლილის შეტანა. ჩვენ არ ვაპირებთ დისკუსიების დაწყებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ კანადა იქ იქნება და მზად იქნება გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია”, - თქვა ტრუდომ ლონდონში სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან გაიხსენა, რომ კანადა მხარს უჭერს უკრაინას „თავიდანვე, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“.
ტრუდოს თქმით, ამ წლების განმავლობაში მისმა ქვეყანამ გაწვრთნა უკრაინის შეიარაღებული ძალების 40 ათასი ჯარისკაცი და დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი დახარჯა კიევისთვის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე.
„და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საჭიროებისამებრ, ყველა შესაძლო საშუალებით და რამდენხანსაც საჭირო იქნება, რადგან უკრაინა არ იცავს მხოლოდ თავის ტერიტორიას - ის იცავს იმავე პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ყველა დემოკრატიას“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრუდომ.
ევროპის ქვეყნები ომის დასრულებისა და რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების სახით ჯარების განთავსებას განიხილავენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ისაუბრეს მზადყოფნაზე იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ინიციატივას. დიდი ბრიტანეთი ასევე განიხილავს თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინაში. მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიაში ჩართვის სურვილი უკვე 18 ქვეყანამ გამოთქვა.