"ფუნდამენტურად ხარვეზიანი" - ვენეციის კომისიის დასკვნა "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებებზე

03-03-2025 20:06:27 პოლიტიკა ,სამართალი

ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.როგორც კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, კანონპროექტები "ნაჩქარევად", შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე მიიღეს, რაც "ძირს უთხრის ამ ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მასობრივი საპროტესტო აქციების ფართო პოლიტიკურ კონტექსტს".

კომისიის შეფასებით, კანონშემოქმედებითი პროცესი იყო ფუნდამენტურად ხარვეზიანი.

"ცვლილებებით, ახალი წესები უამრავ ბუნდოვან დებულებას შეიცავს, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში. კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს.

მეტიც, ცვლილებებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სხვადასხვა შემაკავებელი ზომის შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა", - ვკითხულობთ დასკვნაში.

ვენეციის კომისია წერს, რომ ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, "გადაჭარბებულია".

"ასეთ ზომებს მსუსხავი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე".

ვენეციის კომისიის შეფასებით, ფინანსური ჯარიმები უნდა იყოს დანაშაულის პროპორციული და, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სამართალდამრღვევის სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტიც.

"ჯარიმები ისეთ წვრილმან დარღვევაზე, რითაც საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება, უნდა იყოს შესაბამისად დაბალი და იგივე, როგორიც არის სხვა ისეთ წვრილმან დარღვევებზე, რომლებიც შეკრებასთან დაკავშირებული არაა", - წერია ანგარიშში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები