
ხულოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა
03/03/2025 20:59:15 საზოგადოება
ხულოში, სოფელ საციხურში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.
"სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში, ხანძრის შედეგად, მეჩეთის განადგურების გამო.
მეჩეთი მხოლოდ სალოცავი ადგილი არ არის. იგი ჩვენთვის სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და განათლების კერაა.
ეს მძიმე დანაკარგი გულს გვტკენს, თუმცა გვწამს, რომ მეჩეთი მხოლოდ კედლებისგან არ შედგება. ის ცოცხლობს მორწმუნეთა გულებში, სადაც ღვთისადმი რწმენა და ერთგულება სუფევს.
ვლოცულობთ, რომ უზენაესმა ალლაჰმა მოგვმადლოს ძალა და შესაძლებლობა, რათა სულ მალე აღვადგინოთ იგი და კვლავ განაგრძოს „ჯემაღ'ეთმა" ღვთიმსახურება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.
მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ილოცონ ამ განსაცდელის სწრაფი გადალახვისთვის და გვერდში დაუდგნენ ჩვენს ძმებსა და დებს, რათა სულ მალე ავაგოთ ახალი მეჩეთი". - ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაციის განცხადებაში.
საციხურის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 2006 წლიდან იყო.