04-03-2025 13:11:45 საზოგადოება
2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა.
ნინო წერეთლის თქმით, იმ გამომცდელებს, რომლებიც გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს 2 აპრილის 18:00 საათამდე გადაიხდიან, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, შესაძლებლობა ექნებათ, 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
მისივე თქმით, რაც შეეხებათ პირებს, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
როგოც მან აღნიშნა, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანია:
ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.
დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.
აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2025 წელსაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები გამოსაცდელებისათვის როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება საგამოცდო პროცესის იმიტაცია.
მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.