მზია ამაღლობელი: არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს

04-03-2025 16:03:16 საზოგადოება

ბათუმის საქალაქო სასასამართლოში პროტესტის ფონზე დაიწყო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.

  • „არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოკიდა. ამიტო მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას,“ – თქვა დღეს, 4 მარტს თავის სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა თავს დამნაშავედ.

დარბაზში ბრალდებულის ხმა ცუდად ისმოდა. ამის გამო მზია ამაღლობელმა სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, დაწერა.

თუმცა მაშინ, როცა ცდილობდა წერილი ადვოკატ გიორგი ხიმშიაშვილისათვის მიეწოდებინა, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მას ამის უფლება არ მისცეს.

ბრალდებულისთვის ადვოკატთან წერილობითი კომუნიკაციის შეზღუდვა გააპროტესტა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

მაია მწარიაშვილის თქმით, „მოსამართლე ვერ მიუთითებს ვერც ერთ ნორმას, რომლითაც ეს [ადვოკატისთვის წერილის გადაცემა] აკრძალულია“.

საბოლოოდ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელს უფლება მისცა წერილი ადვოკატისათვის გადაეცა", – იუწყება "ბათუმელები".

ცნობისთვის: დღეს იმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად.

სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ახლობლები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები.

სასამართლოში იმყოფება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი.

მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა 38-ე დღეს, 18 თებერვალს, შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

/ მთავარი ფოტო – "ბათუმელები"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები