„ახალი შემთხვევები აუცილებლად იქნება და თითოეულს პანიკით არ უნდა შევხვდეთ“

27-02-2020 20:47:04 საზოგადოება

ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ახალ შემთხვევებს ელის და მოქალაქეებს მოუწოდებს, თითოეულ შემთხვევას პანიკით არ შეხვდნენ.

„შეკავების სტადიიდან უკვე გადასულები ვართ. რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად დაფიქსირდება ახალი შემთხვევები. ბევრი კომენტარი წავიკითხე, „საზღვრები ჩაგვეკეტაო“. ჩავკეტოთ საზღვრები და დავიქცეთ მთლიანად ქვეყანა, არაა პრობლემა. აღარც საკვები შემოვიტანოთ, აღარც პირველადი საჭიროების ნივთები და ვიქნებით მშვენივრად – თანამედროვე მსოფლიოში ეს შეუძლებელია, შესაბამისად, მსგავს ნონსენსზე არც უნდა ვისაუბროთ. ახალი შემთხვევები იქნება და ყოველი შემთხვევა ახალი პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. არავითარი საფუძველი იმისა, რაც გუშინ ხდებოდა - სუპერ–მარკეტებშზე, აფთიაქებზე შტურმი - არ გვაქვს“,– განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება აფთიაქებში პირბადეების და ანტისეპტიკური ხსნარის დეფიციტს, ზოიძე მთავრობას მოუწოდებს, დაავალოს თითოეულ დაწესებულებას, მათ შორის - სკოლებს, შეიძინონ დისპენსერი.

„ერთი დისპენსერი ყოველი დაწესებულების წინ უნდა იყოს. პირბადე არაა გამოსავალი. არანაირი პრობლემა არაა დისპენსერის შეძენა“,– დასძინა ზოიძემ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები