Accentnews.ge
აქციებზე დაკავებულთა საქმის ახალი მოსამართლე ირწმუნება, რომ მასალებს ერთ ღამეში გაეცნო

აქციებზე დაკავებულთა საქმის ახალი მოსამართლე ირწმუნება, რომ მასალებს ერთ ღამეში გაეცნო

05/03/2025 10:51:54 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს, თუმცა აქამდე საქმე განსახილველად მოსამართლე ნინო თარაშვილს ეწერა.

ორმა ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა გუგა ავსაჯანიშვილმა საკუთარი შუამდგომლობა იმ გარემოებებით დაასაბუთა, რომ შვანგირაძეს საქმე 4 მარტის საღამოს დაწერა და ამ პერიოდში საქმის მასალების გაცნობას ვერ მოასწრებდა, ამასთან, ის ყოფილი პროკურორია.

თავის მხრივ, მოსამართლემ თქვა, რომ "წინარე საქმიანობა აცილების საფუძველი არ არის", ამასთან, ირწმუნება, რომ მიუხედავად მოკლე დროისა, მასალების გაცნობა მაინც მოასწრო:

"მართალია, გუშინ დამეწერა აღნიშნული საქმე განსახილველად, თუმცა მერწმუნეთ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩავდე რომ გავცნობოდი საქმეს, საქმის მასალებს რომ არ ვიცნობდე, ჩვენ არ დავიწყებდით საქმის განხილვას". - თქვა მოსამართლემ.

გარდა ამისა, სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ერთ-ერთი პროკურორის, ვაჟა თოდუას აცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ის სანქცირებულია.

"უცხო სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანა არ წარმოადგენს აცილების საფუძველს, ჩვენ არ ვიცით, პროცესი რა სამართლებრივი პროცესით წარიმართა", - თქვა მოსამართლემ.

ადვოკატმა გუგა ავსაჯანიშვილმა მეორე პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S