
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრისას რამდენიმე თხოვნა გააჟღერა
05/03/2025 18:14:22 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში ოკუპირებული აფხაზეთის ახალ ე.წ. პრეზიდენტს ბადრა გუნბას შეხვდა, "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა და მიღებული შედეგი მოუწონა.
"თქვენთვის ახალი არაფერი არ არის: თქვენ დიდხანს მუშაობდით და მანამდე ვიცეპრეზიდენტი იყავით. ვიცი, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ მღელვარე იყო ემოციებით. მთავარია, რომ ხალხი მოვიდა, საკუთარი სურვილები და არჩევანი გამოხატა. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის განსაკუთრებული ბუნების შესახებ, იცით იმ პრობლემების შესახებ, რაც არსებობს და გადაჭრა სჭირდება, პრობლემების გადაჭრაზე, რასაც ხალხი ელოდება. ჩვენ ვიმუშავებთ". - უთხრა პუტინმა გუნბას.
თავის მხრივ, გუნბამ პუტინს "აფხაზი ხალხის მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა და რუსეთს "მთავარი სტრატეგიული მოკავშირე" უწოდა.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრის დროს გუნბამ რუსეთთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები წამოწია, მათ შორის აფხაზეთის ენერგომომარაგების პრობლემა.
მისი თქმით, “რუსეთის პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერის შედეგად, რესპუბლიკა ამ მიმართულებით დახმარებას იღებს”.
„გასული წლის ბოლოს აფხაზეთი ელექტროენერგიის დეფიციტის გამო იძულებული გახდა, დღეში 11 საათამდე გრაფიკით გამოერთო ელექტროენერგია. თქვენი მხარდაჭერის წყალობით, დროებით მოვახერხეთ ამ პრობლემის მოგვარება. თუმცა ახლა მივადექით იმ ეტაპს, როცა ჰუმანიტარული გზით მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა ფაქტობრივად ამოიწურა. ამასთან დაკავშირებით მსურს, მოგმართოთ მხარდაჭერისთვის, რათა ენერგოდეფიციტის საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს, სულ მცირე, აპრილის შუა რიცხვებამდე“ ,– განაცხადა ბადრა გუნბამ. პუტინი მას საკითხის გადაჭრას დაპირდა.
გარდა ამისა, როგორც აფხაზური მედია წერს, მხარეებმა „ორმაგი მოქალაქეობის“ – კერძოდ, აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის – მინიჭების პროცესის დაწყებაზე ისაუბრეს.
„შეთანხმების ძირითადი პროცედურები უკვე გავლილია და ის ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ არის რატიფიცირებული. ახლა საჭიროა ისეთი მექანიზმის განსაზღვრა, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს ორმაგი მოქალაქეობის – კერძოდ, რუსეთის მოქალაქეობის – მინიჭების პროცესის დაწყებას აფხაზეთის მოქალაქეებისთვის. თქვენ იცით, რომ თქვენი მხარდაჭერის წყალობით, მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. თუმცა კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლეს, და თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ გვსურს, რომ ასეთი პროგრამა კვლავ განხორციელდეს“, – განაცხადა ბადრა გუნბამ.
პუტინი დაჰპირდა გუნბას, რომ პროგრამა გაგრძელდება.
„ის, პრინციპში, უკვე მომზადებულია და ჩვენ გავაგრძელებთ მის განხორციელებას. შესაბამის მითითებებს მივცემ ჩემს კოლეგებს, რომლებიც თქვენთან ერთად დეტალებს კიდევ ერთხელ განიხილავენ და, საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტებენ, მაგრამ ამ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა პუტინმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021