06-03-2025 00:02:06 კომენტარი
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების და გაჟღერებული პოლიტიკური გზავნილების შემდეგ სამხედროებში არსებულ განწყობებსა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა, როგორც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ოპერატიულმა მეთაურმა.
„ბევრი განიცდის, ბევრი ფიქრობს, ვისაც ამის დრო აქვს, მაგრამ გარკვეული არაფერია და „ყველაფერი მორჩა, რა გვეშველებაო“ - ასეთი განწყობა არაა“,- თქვა სამხედრომ.
რაც შეეხება მოლოდინებს, რა პრობლემებს წამოჭრის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება ფრონტის ხაზზე, სამხედრო ამბობს, რომ „ყველაზე უარესი სცენარი რომ გავითვალისწინოთ, როგორც ამბობენ, ნახევარი წელი პრობლემა არ იქნება“.
თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ პრობლემა იქნება ერთადერთ შემთხვევაში და „ყველაზე უარესი - კავშირგაბმულობის (Starlink-ის) გათიშვა, ეს მყისიერ პრობლემებს გამოიწვევს. კი, გადაეწყობა, ჩვენი მოწინააღმდეგე ომობს Starlink-ის გარეშე და ჩვენც ბევრი რამის გადაწყობა მოგვიწევს, მაგრამ პრობლემას წარმოშობს“.
„ვნახოთ, ორი სამი თვის შემდეგ რა იქნება. ფრონტის ხაზზე დღეს რუსეთს ნამდვილად არ აქვს კარგად საქმე. მაქსიმალური წინსვლა მთელი წლის მანძილზე ჰქონდათ 40 კმ.-მდე ერთ მონაკვეთზე სიღრმეში, დანარჩენზე ნაკლები და ეს მთავარი არაა, მთავარია ბრძოლისუნარიანობა და რა ძალები გაგვაჩნია ჩვენ და მოწინააღმდეგეს. ამ კუთხით საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვთ“,- ამგვარად აღწერს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას სამხედრო "ფორმულასთან".
„ეს შეზღუდვები რა შედეგებს მოიტანს, ვნახავთ, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო და ასეთივე ტემპით გაგრძელებულიყო დახმარება, რასაც გვაძლევდნენ, რომელიც პრინციპში „კოვზით“ იყო და ძალიან ცოტა (პრინციპში, მარტო ტრამპით არ დაწყებულა ეს ყველაფერი - პირველი დღიდან რეალურად, ცდილობენ, ასე თუ ისე შეინარჩუნონ რუსეთი იმ ფორმით, რა ფორმითაც არის,) ასეთი ტემპით დიდხანს ვერ გაძლებს რუსული არმია“- ამბობს ქურასბედიანი და თვლის, რომ მსგავს ვითარებაში რუსეთი იძულებული გახდება, გამოაცხადოს ტოტალური მობილიზაცია, რაც მისი თქმით, ასევე პრობლემაა, რადგან ტექნიკის დეფიციტს განიცდის:
„ტექნიკა ფაქტობრივად ეწურებათ. დიახ, უზარმაზარი მარაგები გააჩნდა საბჭოთა კავშირს, რაც ძირითადად რუსეთში დარჩა, მაგრამ რაც გამოსატანი იყო და რისი გარემონტებაც შესაძლებელი იყო, გამოჰქონდათ. მეტ-ნაკლებად ახლო ცნობებით, შეუძლიათ წელიწადში სადღაც 60 - 100-მდე ერთეული ტექნიკა აწარმოონ (ტანკს რაც შეეხება, ძირითად საბრძოლო მანქანას ბრძოლის ველზე). 100 ტანკი ინტენსიურ ბრძოლაში ერთი-ორი კვირის საქმეა“.
ის ხაზს უსვამს, რომ სადღეისოდ 70-80% დრონებით ხორციელდება მიზნების განადგურება.
„გასაგებია, ეს არ არის შეტევითი იარაღი, ამით ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ტერიტორიებს... მთავარია ვის შერჩება ბრძოლისუნარიანობა და ბრძოლისუნარიანი არმია. ეს ტემპი რომ გაგრძელდეს, წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ იქნება კარგად საქმე (რუსული არმიისთვის)... ტექნიკაზე აღარ მაქვს საუბარი“,- დარწმუნებულია სამხედრო.
ის აღიარებს, რომ უკრაინულ მხარესაც აქვს პრობლემები, მათ შორის ცოცხალი ძალის კუთხით, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ „თავდაცვით ბრძოლაში ვართ, ბევრად დიდ ზიანს ვაყენებთ მოწინააღმდეგეს, ვიდრე ჩვენ ვკარგავთ“.
„რაც მთავარია, სტრატეგიული სივრცე, რომ მანევრი და უკანსვლა - რომელი პოზიციების შენარჩუნებაც უკვე არ არის ხელსაყრელი, დავტოვოთ და უკან დავიხიოთ, არაფერს არ ცვლის. ეს არ არის ტერიტორიებისთვის ომი. აქ მთავარია მოწინააღმდეგემ ბრძოლისუნარიანობა დაკარგოს“,- იმეორებს სამხედრო და დასძენს, „ამ კუთხით, წელს თუ რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა რუსეთისთვის, ან ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს, რითაც იმუქრებოდა (და ჭამა ეს თავის დროზე დასავლეთმა, როდესაც 2022-ში არ მოგვცეს არმიის განადგურების კუთხით ხარკოვის ოპერაციის დროს, ხერსონის ოპერაციის დროს ბოლომდე მიგვეყვანა საქმე, სადამდეც შეიძლებოდა და ფაქტობრივად, მისული იყო), ან უნდა გადაარჩინონ“.