აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" დღეს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით 10 პირი დააკავეს

06-03-2025 12:15:26 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" დღეს მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტთან დაკავშირებით 10 პირია დაკავებული, - იუწყება ადგილობრივი მედია.

საუბარია 1 მარტს გაგრის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე.

დაკავებულთა შორის "პრეზიდენტობის" ოპოზიციონერი კანდიდატის - "არჩევნებში" მოსკოვის ფავორიტ ბადრა გუნბასთან დამარცხებულად გამოცხადებული არდგურ არძინბას ნათესავიც ფიგურირებს.

კერძოდ, დე-ფაქტო შსს-ს ცნობით, გასული ღამით დააკავეს კიდევ 7 პირი, მათ შორის - ადამურ ფაჩალია, ბაჩალ ფაჩალია, თემურ ფაჩალია, ალხას მიქანბა, ანრი ხაგბა და საიდ არძინბა.

"ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი - ავტომატები, პისტოლეტები, ყუმბარები, საბრძოლო მასალა, რომლებიც ბოროტმოქმედებს ეკუთვნოდათ" - ნათქვამია დე-ფაქტო შსს-ს განცხადებაში.

მანამდე ორიოდ დღით ადრე ამავე საქმეზე დააკავეს სამი პირი - რაფაელ გვაზავა, იგორ ორჩუქბა და ნურიკ სმირი.

ცნობისთვის: საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მალევე სროლა იყო დე-ფაქტო შსს-ს მიუსერის საგუშაგოსთანაც. შედეგად ორმა მოქალაქემ, მათ შორის ოპოზიციონერი ადგურ არძინბას ნათესავმა ნურიკ სმირმა ცეცხლნასროლი ჭრილობები მიიღეს.

ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა RESPUBLICA გამოაქვეყნა კადრები, რომლითაც ამტკიცებდა, რომ დე-ფაქტო შსს-ს თანამშრომლები "მინისტრ" რობერტ კიუტის ბრძანებით გამვლელ მანქანებს ფაქტობრივად მიბჯენით ესროდნენ.

თავის მხრივ, კიუტმა განაცხადა, რომ "სამინისტროს" თანამშრომლები კანონის ზედმიწევნით დაცვით მოქმედებდნენ, "ბოროტმოქმედები კი არჩევნების ჩაშლასა და ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობდნენ".

გუშინ, 5 მარტს რუსული ტელეარხი "Россия" იუწყებოდა, რომ ოპოზიციონერი ადგურ არძინბას ნათესავები ჩვენებების მისაცემად აფხაზეთიდან მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც 1 მარტსვე რუსეთის სს კოდექსის "ტერორიზმისა" და რამდენიმე სხვა მუხლით საქმეები აღიძრა "აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირთა წინააღმდეგ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები